წმიდა ანტონ მრავალვნებულის საფლავთან დაკავშირებით

1901616_590699454350151_1338284413_n
უცნობი მხატვარი. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ნიჟნი ნოვგოროდში ცხოვრების ჟამს (1824-27 წ.წ) გრავიურის რეპროდუქცია.
კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1827 წლის 21 დეკემბერს (ძველი სტილით), დილის 10 საათზე, 66 წლის ასაკში. ამ ამბის შესახებ ნიჟნი ნოვგოროდის გენერალ-გუბერნატორმა ბახმეტევმა შეატყობინა ჟანდარმერიის უფროსს – გრაფ ბენკენდორფს, რუსეთის ეკლესიის უწმიდესისა და უმართებულესი სინოდის ობერ-პროკურორს – თავად პეტრე სერგის ძე მეშერსკისა და შინაგან საქმეთა მინისტრს.
ანტონ II-ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა 400 მანეთი (ასიგნაციებით), ეს თანხა არ იყო საკმარისი მისი დაკრძალვისათვის, ამიტომაც თავადი გიორგი გრუზინსკი იძულებული გახდა ვალად აეღო 6000 მანეთი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ შეატყობინა ადგილობრივ მმართველობას. მან საკუთარ თავზე აიღო დაკრძალვის მეთაურობა. 24 დეკემბერს მაღალი სასულიერო ხარისხისა და ასევე სამეფო წარმომავლობის შესაფერისად ანტონ II-ის სხეული გადაასვენეს ეფიმიევის (სადაც ის ცხოვრობდა) სახლიდან ხარების ტაძარში და დაასვენეს ბრწყინვალე გვირგვინიან კატაფალკაზე. ხარების ტაძარი მორთული იყო სამგლოვიაროდ საქართველოს გერბებითა და ყვავილებით. გარდაცვალების დღიდან დაკრძალვამდე ნიჟნი ნოვგოროდის სამღვდელოება რიგ-რიგობით, დღე-ღამის განმავლობაში დარაჯობდა განსვენებულის სხეულს. მიცვალებულის თავთან იკითხებოდა წმიდა სახარება, დიაკვნებს პატივისცემის ნიშნად იქვე ეკავათ ანტონისეული ორთითა და სამთითა სანთლები ხოლო წიგნისმკითხველებს ეკავათ ანტონის სხეულთან მისივე სამწერობლები. დაკრძალვის დღეს – 31 დეკემბერს შესრულდა ბრწყინვალე ცერემონია, რომელიც წარმართეს თავადმა გიორგი გრუზინსკიმ და პენზელმა ეპისკოპოსმა ირინეოსმა, რომელიც მოიწვიეს ნიჟნი ნოვოგოროდელი ეპისკოპოსის ათანასეს ავადმყოფობის გამო. სანამ კუბოს გადაასვენებდნენ ხარების ტაძრიდან, სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა პ.ლებედევმა (არ აგვერიოს ავადსახსენებელ ეგზარქოს პავლეში (ლებედევი) – ი.თ). პროცესიის დროს ანტონის კუთვნილ რეგალიებს მიაბრძანებდენ გენერალ-გუბერნატორი ბახმეტევი, ხრაპოვიცკელი გუბერნატორი, თავადაზნაურობის წინამძღოლი – თავადი გიორგი გრუზინსკი და მთელი საქალაქო მმართველობა, რომელიც მიჰვებოდა კუბოს პარადულ სამოსში. მწკრივში განლაგებული ჯარისკაცები ზემო ბაზრის მოედნიდან ემშვიდობებოდნენ სამეფო ღირსების მქონე გარდაცვლილ მწყემსმთავარს. დაკარძალვის დღეს მრავალმრიცხვოვანი საზოგადოება შეიკირბა, თუმცა ისეთი ყინვა ყოფილა თურმე ჩიტები ფრენისას იყინებოდნენ, ხოლო ბევრი ადამიანი დაბრუნდა სახლში ხელ-ფეხ მოყინული. მანძილი ხარების ტაძრიდან “ყოველთა მწუხარეთა” საკათედრო ტაძრამდე არ იყო შორი. განსვენებულისათვის საღვთო ლიტურღია აღასრულა ყოვლადუსამღვდელოესმა პენზელმა ეპისკოპოსმა ირინეოსმა. ტაძარშივე სიტყვა წარმოთქვეს სემინარიის რექტორმა – არქიმანდრიტმა გაბრიელმა და დეკანოზმა გ.პრუდენტოვმა. ეს სიტყები არ არის შემორჩენილი. კათალიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს საქართველოდან წაღებული საპატრიარქო შესამოსელი არ ჩაატანეს თან და შემოსეს სხვა სამღვდელმთავრო შესამოსლით.
ანტონ II  განისვენებდა “ყოველთა მწუხარეთა” საკათედრო ტაძარში 9 წელიწადი. 1841 წლის 9 სექტემბერს, საღამოს მისი ნეშტი საზეიმო მსვლელობით გადაასვენეს ახალ ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაკრძალეს წმიდა დიმიტრი სოლუნელის ეკვდერის საკურთხეველში მარჯვენა მხარეს.
3565_590730917680338_1541420950_nნიჟნი ნოვგოროდი, კრემლი, ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი, პირველ სართულზე მაჯვენა ეკვდერის საკურთხეველში იყო დაკრძალული ანტონი.
1896850_590731544346942_270643955_n
ნიჟნი ნოვგოროდი, კრემლი, ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი, პირველ სართულზე მაჯვენა ეკვდერის საკურთხეველში იყო დაკრძალული ანტონი. 1896 წ.
ანტონ II-თვის ძეგლის (საფლავის) ასაგებად საიმპერატორი კარმა გამოყო 2500 მანეთი (ასიგნაციებით). 1829 წლის ოქტომბერში ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორმა ილარიონ მიხეილის ძე ბიბიკოვმა სთხოვა თავად გიორგი გრუზინსკის მოეპოვებინა ცნობები და მასალები გერბის, ორნამენტებისა და ანტონისეული რეგალიების შესახებ. გიორგი გრუზინსკიმ მიაწოდა გუბერნატორს საქართველოს სამეფო გვარის გერბის სურათი.
1898038_590730597680370_2108042127_n
გერბის სურათი, რომელიც მიაწოდა გიორგი გრუზინსკიმ გუბერნატორს.
გერბის ფარი შემოსაზღვრული იყო სიტყვებით: “ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებისა და არა შეურაცხყოს იგი” (ფს.131;11). ფარი დაყოფილი იყო ხუთ ნაწილად. ცენტრში – ლაჟვარდოვანი კვართი ქრისტე მაცხოვრისა ოქროსფერ ფონზე. მის ირგვლივ წარწერა: “ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა შენთა” (ფს.131;11), ხოლო დანარჩენ ოთხ ნაწილში წითელ ფონზე მოთავსებული იყო: დავითის შურდული და ქნარი; კვერთხი, ძალაუფლება, მახვილი; მართლმსაჯულების სასწორი; ცხენზე ამხედრებული წმიდა დიდმოწამე გიორგი. გერბის თავზე თავად გიორგი გრუზინსკის რჩევით გამოსახეს საპატრიარქო მიტრა და ანტონის რეგალიები: გამშვენებული გულსაკიდი ჯვარი, ორი პანაღია, ომოფორი (დიდი თუ მცირე – უცნობია), კვერთხი, ორთითა და სამთითა სანთლები, სამწერობლები, განმასხვავებელი ნიშნები წმ.ანდრია პირველწოდებულისა და წმ.ალექსანდრე ნეველის ორდენებისა. ეს ძეგლი დააპროექტა და შეასრულა ნიჟნო-ნოვგოროდის საგუბერნიო არქიტექტრომა ეფიმოვმა გუბერნატორის ზედამხედველეობით. ძეგლი მორთული იყო 2 არშინის სიმაღლის პილისტრებით, მოკლე წარწერით: “აქ განისვენებს ნეშტი უნეტარესი კათოლიკოსისა ანტონისა, ქართველი უფლისწულისა”. ძეგლი დაიდგა კანკელის უკან საკურთხეველში და სავარაუდოდ ეს არის მიზეზი იმისა რომ სურათი არ შემოგვრჩა.
1929 წელს ნიჟნი ნოვგოროდის ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის კრემლის ცენტრში მდებარე ფერისცვალების საკათედრო ტაძრის დანგრევისა და მის ადგილზე საბჭოთა სახლის მშენებლობისა. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც 1929 წლის 22-27 თებერვალს გახსნა ტაძარში არსებული საფლავების ნაწილი. კომისიის ოქმებში არ არის მოხსენიებული ანტონ II-ის საფლავი. 
28 თებერვალს გაიხსნა უკანასკნელი საფლავი. ამით კომისიამ დაასრულა მუშაობა. 1929 წლის აპრილში დაიწყო ფერისცვალების ტაძრისა და სამრეკლოს ნგრევა. ზაფხულში დაიწყო საბჭოთა სახლის საძირკვლის გაჭრა, ამ პროცესის დროს აღმოაჩინეს ორი საფლავი, პირველი სურათმა მოაღწია ჩვენამდე. ამ ჩონჩხს ნიჟნი ნოვოგოროდელმა არქივარიუსმა ვიშნევსკიმ “Богатырский костяк” – “გოლიათური ჩონჩხი” უწოდა.
1782080_590732477680182_191380515_n
1929 წლის ზაფხულში აღმოჩენილი უნობი ჩონჩხი.
ფოტოსურათზე გამოსახული ჩონჩხი გამოიკვლია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ანთროპოლოგიის ისნტიტუტმა. დაასკვნეს რომ ამ ადამიანის გარდაცვალების ასაკი იყო 55 წელზე მეტი. მკვლევარებმა ივარაუდეს რომ ფოტოსურათზე გამოსახული ჩონჩხი იყო ანტონისა, რადგან ფერისცვალების ტაძრის “ყოველთა მწუხარეთა” ეკვდერის ქვეშ მდებარე წმიდა დიმეტრის ეკვდერში მხოლოდ ანტონის საფლავია მოხსენიებული. ასევე ამას განამტკიცებს: 1. ნიჟნი-ნოვოგოროდში შექმნილი პორტრეტის მიხევით ანტონ მართლაც ფლობდა “გოლიათურ აღნაგობას”; 2. ანტონი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, ე.ი ემთხვევა 55-წლიან ჩონჩხის სავარაუდო ასაკს. სპეციალისტებმა მიმართეს ეკლესიის ისტორიის მკვლევარს – პეჩორის ამაღლების მონასტრის წინამძღვარს ტიხონს (ვატეკინი). იგი არ დაეთანხმა მათ ვერსიას. ტიხონმა გაამახვილა ყურადღება რომ სურათზე გამოსახულ ჩონჩხზე არ იყო შემორჩენილი შესამოსელი. ანტონი კი სამღვდელმთავრო შესამოსელში იყო დაკრძალული, თუმცა შესაძლოა ძვირფასი შესამოსელი და სხვა ნივთები საძირკვლის გამჭრელმა მუშებმა მიითვისეს. ძიებას ისაც აძნელებს რომ გაურკვეველია ამ ჩონჩხის ბედიც – ერთი ვერსიით იგი განადგურდა რადგან არ მიიღო ადგილობრივმა მუზეუმმა, მეორე ვერსიით – სხვა აღმოჩნილ ჩონჩხებთან ერთად დაიკრძალა ნიჟნი ნოვგოროდის კრემლში მდებარე წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში 1962 წელს. საკითხი ბოლომდე არ არის გარკვევული და საჭიროებს ადგილზე კვლევა-ძიებას.
935157_591101694309927_1894128525_n        ნიჟნი ნოვგოროდი, კრემლი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, ერთ-ერთი                    ვერსიით სწორედ აქ დაკრძალეს 1929 წელს აღმოჩენილი უცნობი ჩონჩხი.
1661270_590731844346912_200144482_n             ნიჟნი ნოვგოროდი, კრემლი, ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარი, მეორე           სართულისმარჯვენა ეკვდერის კანკელი – ერთი სართულით ქვეშ განისვენებდა ანტონ II.
1946 წელს მკვლევარმა თ.ჭყონიამ ლისკოვოში მივლინების დროს ნიჟნი-ნოვგოროდის მუზეუმში აღმოაჩინა საქართველოს სამეფო გვარის ბრინაჯაოსგან ჩამოსხმული გერბი ანტონ II-ის საფლავიდან (არ ვიცი არსებობს თუ არა ფოტოსურათი).
2012 წელს საბჭოთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აიგო მაცხოვრის სახელობის მცირე სამლოცველი დიდი საკათედრო ტაძრის მოსაგონებლად.
2011 წლის 11 ივლისს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულიად ზემო (აღმოსავლეთ) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II წმიდანად შერაცხა და უწოდა წმიდა ანტონ მრავალვნებული. ხსენების დღედ დაწესდა 3 იანვარი (ახალი სტილით). სამწუხაროა და სამარცხვინოცაა რომ წმიდა ანტონ მრავალვნებულისადმი სავედრებელი ტროპარ-კონდაკი, დაუჯდომელი საგალობელი, პარაკლისი და ხატი ჯერ არ შექმნილა.
1549472_590732787680151_844734116_n              2012 წელს აგებული მაცხოვრის სახელობის სამლოცველი, ნიჟნი ნოვგოროდი.

No comments:

Post a Comment